“ნაცმოძრაობის 27% კატასტროფულად დიდი ციფრია” – მაია ნიკოლეიშვილი

"ნაცმოძრაობის 27% კატასტროფულად დიდი ციფრია" - მაია ნიკოლეიშვილი“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს.

–  დღეს ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ არჩვვნები გაუყალბეს. 

– ეს არის მათი ინსტრუმენტი. გაუყალბებდნენ თუ არ გაუყალბებდნენ, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა ეყვირათ, გაგვიყალბესო. მათ იცოდნენ, რომ ცოტა ხმებს მიიღებდნენ. მიკვირს, გაყალბებული თუ არის, 27% ნაცმოძრაობამ როგორ აიღო? ჩემთვის ეს კატასტროფულად დიდი ციფრია. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გაყალბდა ქვედა რგოლებში, ისევ მათ მიერ გაყალბდა, თორემ 27% როგორ უნდა აეღოთ.

– ჯონდი ბაღათურია და მამუკა ტუსკაძე ამბობენ, რომ  ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ, ხმა მისცეს (10-18 კაცი ვიყავითო) და ნული დაუწერეს. რას შეიძლება მივაწეროთ ასეთი დარღვევები?

– თუ ასეთი დარღვევა არის, ასეთი საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს და არა ქუჩით. თუ პარტიას უწოდებენ საკუთარ თავს და ხედავენ, რომ დარღვევაა, კანონიერი გზით იბრძოლონ, გადათვლა შეიძლება. არაერთი უბნის ბიულეტენები გადაითვალა.

– ოპოზიცია განმეორებით არჩევნებს მოითხოვს. თქვენ გამოსავალს გადათვლაში ხედავთ? შეიძლება მთლიანად გადაითვალოს?

– მთლიანად არა. გაასაჩივრონ კონკრეტული უბანი, სადაც დარღვევა მოხდა. გადაითვლება და გამოჩნდება. ყველას ჰყავს დამკვირვებელი. თუ საარჩევნო კომისიის 12-ვე წევრი ერთმანეთს შეეკრა და დამკვირვებლებიც ერთ ჭკუაზე დადგნენ, ეს სხვა თემაა. ამასაც დამტკიცება უნდა.

ჩვენ ვართ პატარა გაჭირვებული სახელმწიფო. ნაცების კაპრიზებითა და ხუშტურებით კიდევ არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ფული ვხარჯოთ?

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა