ნინო ბურჯანაძე – „ივანიშვილის ბრძანება იყო, რომ ბარიერი ვერ გადამელახა“

ნინო ბურჯანაძე -  „ივანიშვილის ბრძანება იყო, რომ ბარიერი ვერ გადამელახა“ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას განსაკუთრებით ებრძვის.

_ საუბრობთ ხოლმე, რომ განსაკუთრებულად გებრძვით ივანიშვილი. რატომ, რის გამო ხდება ეს?

_ ერთი მიზეზი, რაც თვალნათელია, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი დამოუკიდებელი ადამიანი, მასზე კომპეტენტური ადამიანი, მით უმეტეს ადამიანი, რომელსაც არამარტო დასავლეთში შეუძლია ლაპარაკი, არამედ რუსეთშიც. მას არ შეუძლია ქვეყნის პრობლემების მოგვარება. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს მე შემეძლო, როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთში. რუსეთში მე შემიძლია შევხვდე ისეთ ადამიანებს, რომელითა სახელსაც ვერ ახსენებს ის ხმამაღლა.

_ კონკურენტად აღგიქვამთ?

_ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ორივე არჩევნებზე – 2016 წელსაც და 2020-შიც პირდაპირი ბრძანება იყო გაცემული, რომ მე პარლამენტში ვერ მოვხვედრილიყავი. მე რომ 10 და 20 პროცენტზე ვლაპარაკობდე, ბუნებრივად არ დამიჯერებთ. მაგრამ ის, რომ ქუთაისში 400 ხმა ავიღე და კასპში ერთ-ერთ რაიონში, სადაც ჩვენი აქტივისტი დედამისთან და მამამისთან ერთად მივიდა და ხმა ჩვენ პარტიას მისცეს, მაგრამ იმ უბანზე 0 ხმა გვაქვს, ამას რა ჰქვია?! პირდაპირი ბრძანება იყო კობახიძის მეშვეობით გაცემული, რომ ყველგან უნდა განულდეს ბურჯანაძე და ბარიერი ვერ გადალახოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა