„ვინც პარლამენტში შევა, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს“ – გურამ ჩალაგაშვილი

„ვინც პარლამენტში შევა, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს“ - გურამ ჩალაგაშვილი“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ “ოცნება” მიდის ვაბანკზე, რადგან შეუძლებელია, რომ ასეთი ძალადობით ჩატარებული არჩევნების შედეგები დიდხანს შეინარჩუნოს.

– ხომ შეიძლება, რომ “ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტითაც მშვენივრად იგრძნოს თავი?

– “ოცნება” ვერ შექმნის ერთპარტიულ პარლამენტს. ახალ პარლამენტში ვერც შევლენ. შეუძლებელია, ქართველმა ხალხმა აპატიოს “ქართულ ოცნებას” ის, რაც მან ჩაიდინა. კვირას, 3 საათზე, არის ძალიან დიდი აქცია.

– გაქვთ მოლოდინი, რომ ფართომასშტაბიანი აქცია იქნება?

– რა თქმა უნდა, ძალიან ფართომაშტაბიანი აქცია იქნება. მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვა, რომ ქვეყანაში არის ცვლილებების დრო. ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება ამ ხელისუფლების პირობებში არის შეუძლებელი, სრული უკუსვლაა.

ლარი 10 ერთეულით გაუფასურდა. ადამიანები კი არ ღარიბდებიან, ღატაკდებიან. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის მაცივარი ცარიელდება.

– ხელისუფლება დაფინანსების შეწყვეტაზე ალაპარაკდა. ეს საკითხი ხომ არ გადაახედვინებს ოპოზიციურ პარტიებს თავის გადაწყვეტილებას?

– ოპოზიციური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ არავინ არ შედის პარლამენტში. საღად მოაზროვნე ოპოზიციური პარტია დაფინანსების გამო არ შევა პარლამენტში.

– ხომ შეიძლება, რომ თანამოაზრეები მაინც მოძებნონ, ზოგიც მოისყიდონ, გადაიბირონ?

– რა თქმა უნდა, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ვიღაც შეიძლება მოისყიდონ, ვიღაც იპოვნონ, მაგრამ ღირსეული პოლიტიკოსები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ.

ვინც შევა პარლამენტში, ამით დაამთავრებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხალხის ნებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. ეს გამორიცხულია, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს, ცვლილებების დროა!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა