ალეკო ელისაშვილი – “ბოკერიას ფოთში თავი მოეჭრა, მხოლოდ 6% აიღო და ახლა ყველაფერს ურევს”

ალეკო ელისაშვილი - "ბოკერიას ფოთში თავი მოეჭრა, მხოლოდ 6% აიღო და ახლა ყველაფერს ურევს"ბოკერიას პარტია დადის შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, -ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს – გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

მისივე თქმით, ელჩები მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ, დეტალები არ გაასაჯაროვონ, რათა პროცესი არ დააზიანონ და ზოგიერთი პარტია ამ პირობის ერთგული არ არის.

„ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ- ერთს ზუგდიდში, მეორე ფოთში. წავიდა, კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი რა ეგონა?! რას იზამდა?! რას მიაღწევდა?! და ახლა უნდა ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, რომ ჩავშალო,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.