„გახარიას პოზიციები სერიოზულად შესუსტდა და ყველაფერს მას შეახოცავენ“

„გახარიას პოზიციები სერიოზულად შესუსტდა და ყველაფერს მას შეახოცავენ“პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” პრემიერ გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს.

_ კარგად იცნობთ „ქართულ ოცნებას“. გახარია-ტიკარაძის დაპირისპირებაზე იყო საუბარი და რა ხდება გუნდის შიგნით, არის თუ არა დაპირისპირება?

_ ნათია მეზვრიშვილის გადადგომასაც თუ გავითვალისწინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარიას პოზიციები სერიოზულად სუსტდება. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ დაპირისპირებაა და არა მარტო ტიკარაძესთან, არამედ ზოგადად „ქართულ ოცნებაში“ ასე სჩვევიათ, რომ როდესაც ლიდერი წაბორძიკდება, მერე ყვავ-ყორნებივით ესევიან ხოლმე. უფრო სწორად, ფსევდო ლიდერი, რომელიც იმ მომენტშია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. როგორც ჩანს, ამ პროცესის დასაწყისს ვუყურებთ და წაქცეულ გახარიას მერე ბევრ რამეზე ხელს შეახოცავენ.

იყო პერიოდი, როდესაც გახარია პოპულარული იყო. გახსოვთ, რომ ეს ხდებოდა შს მინისტრობის დროს. 20 ივნისის დარბევის შემდეგ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა. პრემიერ-მინისტრად რომ დაინიშნა, მერე მის გადადგომაზეც იყო საუბარი, მაგრამ ქვეყნის უბედურებამ მოუსწრო. ესენი საერთოდ ქვეყნის უბედურებით სარგებლობენ. ზოგადად იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორ მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ისიც ქვეყნის უბედურებიდან გამომდინარე მოვიდა. ეს ახასიათებთ – ქვეყნის უბედურებით სარგებლობა. მე ვფიქრობ, რომ გახარიამ თავისი ფუნქცია ამოწურა და ახლა ეძებენ მის შემცვლელს. ვინ იქნება შემდეგი და ბიძინა ივანიშვილის ამ გაუაზრებელ პოლიტიკას ვინ გაატარებს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა