გია ხუხაშვილი – “გრიგოლ ვაშაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა”

გია ხუხაშვილი - "გრიგოლ ვაშაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა"ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლით არაფერი შეიცვლება.

– რატომ? 

– იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, თითო კაცის პარტიაა. ყველა რომ წავიდეს პარტიიდან და სააკაშვილმა თავიდან რომ დააკომპლექტოს პარტია, არაფერი არ შეიცვლება, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა ყველა რომ გაყაროს პარტიიდან და ახლები მოიყვანოს, არაფერი არ შეიცვლება, არაერთხელ გაუკეთებია ეს ივანიშვილს და არაფერი არ იცვლება ამით. იმიტომ, რომ ასეთ პრინციპებზეა აწყობილი ერთი პარტიაც და მეორეც, რომ ერთი კაცის პარტიები არიან.

გრიგოლ ვაშაძეს ლოგიკური არგუმენტები აქვს და მისი წასვლა კანონზომიერია. მე ვფიქრობ, რომ პარტიაში ეს პრობლემები რეალურად იყო. პრინციპში მან ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა. მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა.

_ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ხომ არ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები ჩაკეტილი სტრუქტურებია და გადაწყვეტილებების მიღება ხელების გადაგრეხვით ხდება?

_ ეს ბოლო პერიოდში კი არ გამოჩნდა, არამედ ასეა ეს პარტიების სტრუქტურირებული. თითო კაცის პარტიებია. პარტიებიც კი არ არის, ეს არის ერთგვარი რელიგიური ორგანიზაციები, სადაც არსებობს ერთი კერპი, დანარჩენი ყველა კი მრევლია – იერარქიებად არის დალაგებული, მაგრამ მაინც მრევლი.

_ აქ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა გაქვთ მხედველობაში თუ ყველა პარტია?

_ ძირითადად ეს ორი პარტია. რასაც მე ვაკვირდები, სხვაგან რაღაც მცირე დისკუსიები მაინც მიმდინარეობს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა