“გიორგი გახარია ვანო ჩხარტიშვილის კადრია”

"გიორგი გახარია ვანო ჩხარტიშვილის კადრია"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიცვლება.

ამბობენ, რომ ტიკარაძის კანდიდატურაც განიხილება პრემიერად, ეს რამდენად სერიოზულია?

– შიგნით ასეთი პირობაა დაყენებული, ვინც ადგება და მოერევა გახარიას, სწორედ ის დაინიშნება პრემიერად. გახარიას ვერ ერევიან, ვერ გამოუნახეს ამ ადამიანს მიზეზი, რის გამოც სერიოზულად შეიძლება მისთვის შარის აგორება.

– იმის თქმა გინდათ, რომ ვერ უშვებენ გახარიას?

– დიახ, ვერ უშვებენ, ვერ. სწორედ აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი შექმნილი. თუმცა მოდით ვთქვათ სიმართლე, გახარიას სკამს რომ ყველა ფეხი გამოცლილი აქვს, ცხადია. შეიძლება თავისი ერთი ან ორი წარმომადგენელი ჰყავდეს მხოლოდ გუნდში.

– ბოლოს და ბოლოს, ვისი კაცია გახარია?

– ვანო ჩხარტიშვილის.

– და მერე ბიძინა ვერ ერევა ჩხარტიშვილს და გახარიას?

– აი, ზუსტად ეგ არის მთელი პრობლემა, რომ ვერ ერევა. ვანო ჩხარტიშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ქართულ პოლიტიკაში. 25 წლიანი გამოცდილება აქვს და მან ქართული პოლიტიკა იცის ალბათ ყველა ექსპერტზე უკეთესად. თუ სად რა ხდება და ვის რა ფასი აქვს და ასეთ ადამიანთან ჭიდილი არც ისე მარტივია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა