გიორგი ვაშაძე – „კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა“

გიორგი ვაშაძე - „კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა“ელჩებზე თავდასხმას ემიჯნება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ელჩები არიან ქვეყნის პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდამჭერები.

„მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათ ოჯახის წევრების და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში. ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს. ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი.

მე არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეის მდგომარეობით თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. პოლიტიკოსებს რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმისთვის, რასაც აკეთებენ და იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. მინდა მადლობა ვუთხრა მათ იმ საქმისა და იმ დიდი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც შეიძლება მათ არც ეკისრებოდათ, თავისი მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ ამას იღებენ საკუთარ თავზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე თავს დაუხრის ეს ნიშნავს, რომ ქვეყნაში დაწესდება უკანონობა. ამიტომ მხარეებმა აუცილებლად უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ხალხი დაიღალა ამ მძიმე ვითარებისგან.

„თუ ჩვენ ახლა ყველაფერზე თავს დავუხრით „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშავს, რომ ქვეყანაში სტანდარტად წესდება უკანონობა. მძიმე ვითარებაში ვართ და ამ მძიმე ვითარებას სჭირდება ადეკვატური ქმედებები, მათ შორის “ქართული ოცნების“ მხრიდან. პროცესებს უნდა შევხედოთ რაციონალურად. გამოსავალი არის მოლაპარაკებებში და შეთანხმებებში. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს მოლაპარაკებების გაგრძელებას.

ჯობია ადეკვატური შეფასებები გავაკეთოთ პროცესების. თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ არაფერი შავდება იმით, რომ მარტო იყვნენ პარლამენტში ეს არც მათ წაადგებათ, რადგან 4 წელი ასე ვერ გააგრძელებენ. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ არის სხვაგან ხდება დისკუსიები და განხილვა ეს კიდევ უფრო მძიმეა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. მხარეებს ფართო კონსესუსი გვჭირდება.

განსხვავებული მიდგომები გვჭირდება. ღია საუბარი გვჭირდება ჩვენს მხარდამჭერებთან, რადგან ახლა არც ერთ მხარეს არ გვაქვს ის მომენტი ან ყველაფერი ან არაფერი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვალ. ხახლი დაიღალა ამ ჭიდილით, ამიტომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ვნახავთ და შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მოთხოვნები, რომლებსაც ისინი აყენებენ, უცვლელია. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ იმდენი შეხვედრისთვის არიან მზად, რამდენიც საჭირო გახდება.