ჯონდი ბაღათურია – “1938 წლის რუკით, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოში შედის”

ჯონდი ბაღათურია - "1938 წლის რუკით, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოში შედის"ჯონდი ბაღათურია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავით გარეჯის თემაზე საუბრობს:

– აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით სამი დოკუმენტი შედგა.

ერთი დოკუმენტი შედგა 1920 წლის 12 ივნისს, ეს არის აღსტაფის საზავო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. მაშინ საქართველოს გასაბჭოება ჯერ კიდევ მომხდარი არ იყო.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა არამარტო დავით გარეჯის ტერიტორია, არამედ ყარაიასის უდაბნოს ტერიტორია და მთელი ზაქათალის ოლქი.

მეორე ხელშეკრულება დაიდო 1938 წლის მარტში, რომელშიც ჩაიწერა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები განისაზღვრებოდა იმ რუკით, რომელსაც აქვს 1:500 000-ზე მასშტაბი, რომლის საფუძველი იყო 1938 წელს შექმნილი 1;200 000-ზე მასშტაბის რუკა (რომელიც ახლა დაიდო), სადაც აშკარად ჩანს, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიულ ერთეულში შედის.

მესამე დოკუმენტი შედგა 1996 წელს, სადაც ითქვა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია მოხდეს 1938 წელს დადებული ხელშეკრულებით და იმ რუკების საფუძველზე, რომლებიც 1938 წელს იყო შედგენილი, ანუ ლაპარაკია იმ რუკაზე, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტრომ გადაუგზავნა პროკურატურას, რომლის მიხედვითაც ითვლება, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაა.

ამ დროს მთელი ყოფილი სახელისუფლებო ვერტიკალი სამარცხვინოდ ამტკიცებს, ასე არ არისო. პირიქით, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები აზერბაიჯანის კუთვნილებააო. ეს არის კლასიკური სახელმწიფო ღალატი. ნორმალურ სახელმწიფოში ამ განცხადების ყველა ავტორი პატიმრობაში უნდა იყოს აყვანილი .

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა