ლევან ხაბეიშვილი – “პარლამენტში შესვლა კაპიტულაცია იქნება”

ლევან ხაბეიშვილი - "პარლამენტში შესვლა კაპიტულაცია იქნება"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს.

– ელჩების მოწოდებაა, რომ აუცილებელია კომპრომისი და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.

– ელჩების მოწოდება ერთია, რომ მშვიდობა და სტაბილურობა უნდათ ამ ქვეყანაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, როცა არჩევანი აქვს მოქალაქეს ამ ქვეყანაში ჩამორთმეული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩი რას გვეტყვის, როცა ჩვენ, მოქალაქეებს, წაგვართვეს არჩევანის უფლება?! ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის და ამიტომაც ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვიქცევით. ქართველი ხალხის გასაკეთებელია ეს საქმე და მერე ნახავთ, როგორ დაეწყობიან ეს ელჩები და სხვანაირ განცხადებებს გააკეთებენ.

– რა პოზიცია აქვს ოპოზიციურ პარტიებს? განიხილება პარლამენტში შესვლა?

– მე საერთოდ არ მაინტერესებს, კონკრეტული პარტია რას გადაწყვეტს, ვგულისხმობ პარლამენტში შესვლას. თუ რომელიმე გადაწყვეტს, რომ კაპიტულაცია გამოაცხადოს და შევიდეს, ეს მისი უფლებაა. მეორე ტურმა ხომ ნათლად დაადასტურა არჩევნებისადმი ნდობის საკითხი? ფაქტიურად 20% გამოცხადდა არჩევნებზე. ეს იყო სრული კატასტროფა. იმ 20%-დანაც 3% ბათილი იყო, ვიღაცეები უბრალოდ საგინებლად მივიდნენ ამ ხელისუფლების. თქვენ წარმოგიდგენიათ? 17%-იანი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!

ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია! თუ ვინმე ასეთ პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს იმისთვის, რომ პარლამენტარობა ითამაშონ და ბიძინა ივანიშვილი გააპატიოსნონ, მათი კაპიტულაციის საკითხი დადგება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა