“ოცნება” ვადამდელ არჩევნებს არც კი განიხილავს” – ანრი ოხანაშვილი

"ოცნება" ვადამდელ არჩევნებს არც კი განიხილავს" - ანრი ოხანაშვილიუახლოეს დღეებში მოსალოდნელია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართოს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა, თუმცა მათთვის წითელი ხაზი კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

“არანაირი ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი და სხვა ამგვარი საკითხები არ განიხილება. რაც შეეხება სხვა კონსტრუქციულ და დემოკრატიულ საკითხებს, ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის. მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც პირადი, არაჯანსაღი ამბიციებით არ ხელმძღვანელობენ და საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ, ასევე პატივს სცემენ დემოკრატიის პრინციპს და უზრუნველყოფენ მათთვის მინიჭებული მანდატის რეალიზებას,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი.

“ჩვენ გავიგონეთ უტიფარი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არის ის ხელშემშლელი ფაქტორი, რის გამოც მოლაპარაკების პროცესი არ გრძელდება. ასე რომ ლუსტრაცია სახეზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი. ოპოზიცია ეცდება არ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვინაიდან, იქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდება,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

რუსთავი 2