“თალაკვაძემ ივანიშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა დაარწმუნოს”

"თალაკვაძემ ივანიშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა დაარწმუნოს"ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ პარლამენტს ყველაფერში შეექმნება პრობლემა – უცხოეთის დელეგაციები ვერ დაკომპლექტდება. პარლამენტი პრაქტიკულად ხეიბარია. ისედაც ხეიბარი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელში და ახლა მით უმეტეს.

_ კვორუმისთვის 76 ხმაა საჭირო, „ოცნებას“ კი მხოლოდ 90 დეპუტატი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ გაცდენები არც თუ ისე მცირეა ხოლმე და მოუწევთ სრული მობილიზება. თქვენ რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოთ, რას გააკეთებდით ამ ვითარებაში?

_ არა, მე ამ ვითარებაში პარლამენტის თავმჯდომარე არ ვიქნებოდი. მე თავის დროზე, როდესაც რაღაც არ მომეწონა და დავინახე, რომ ისე არ მიდიოდა საქმე, ამიტომ წამოვედი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან. ასე რომ, მე ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი.

_ რა უნდა გააკეთოს ამ გამოწვევის გასამკლავებლად ახლანდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ?

_ ყველაფერი უნდა გააკეთოს მან თუ ამის ძალა ეყოფა, რათა დაარწმუნოს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. სხვა მათ ვერაფერი უშველის. მით უმეტეს, უკვე ვნახეთ პირველი მარგალიტები, როდესაც პარლამენტის წევრები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ საერთოდ გონზე არ არიან, რა ხდება.

_ რა გეგმები გაქვთ ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში რჩებით?

_ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას, გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და კონსულტაციებს. ბუნებრივია ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შევიმუშაოთ ჩვენი ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე. ვნახოთ, საქმე ძალიან ბევრია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა