ასლან ბჟანიას თბილისთან დაახლოება უნდა – ამის გამო მას აფხაზეთში დაუპირისპირდნენ

ასლან ბჟანიას თბილისთან დაახლოება უნდა - ამის გამო მას აფხაზეთში დაუპირისპირდნენასლან ბჟანიას ინიციატივამ თბილისთან დამატებითი ფორმატის მრავალდონიანი მოლაპარაკებების თაობაზე, ალიაქოთი და პროტესტიც კი გამოიწვია.

ეს ინიციატივა ჩაწერილია “საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში”, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ დასაშვებია პირობების შექმნა “საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებებისათვის, სადაც იმსჯელებენ ორმხრივად საკითხებზე, რომელთა განხილვა ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე”.

კონცეფციის ამ ნაწილს ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ აფხაზეთის პარლამენტის სამსჯელო გახდა.

ოპონენტებმა განაცხადეს, რომ აფხაზებს ქართველებთან სალაპარაკო არა აქვთ. ქართველებთან მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

დეპუტატებმა გამოთქვეს იმედი, რომ კონცეფცია გადაიხედება.

პუბლიცისტ ინალ ხაშიგის შეფასებით, პრეზიდენტი კონცეფციას არ შეცვლის, თუმცა ის თავის მოქმედებებში უფრო ფრთხილი გახდება.

ასლან ბჟანია თბილისთან მოლაპარაკებების სურვილს ყოველთვის გამოთქვამდა. ხაშიგის თქმით, თბილისმა ეს სიგნალები არაადეკვატურად მიიღო.

თბილისთან სხვა ფორმატის მოლაპარაკებების ინიციატივა გააპროტესტა “აფხაზეთის ერთიანობის ფორუმმა”.

ორგანიზაციისთვის საქართველო ვერაგი და საშიში აგრესორია, რომელმაც მე-20 საუკუნეში არაერთხელ მოაწყო აფხაზების გენოციდი, გაანადგურა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა და ეწეოდა აფხაზი ხალხის ასიმილაციას.

“ფორუმი” ირწმუნება, რომ დღეს საქართველო აფხაზეთს იზოლაციაში აქცევს და ერევა ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებშიც კი. ამ სიტუაციაში აგრესორთან დამატებითი მოლაპარაკებები დაუშვებელია.

2020 წელი ოკუპირებულ აფხაზეთში დინამიკური გამოდგა. ბჟანია-ანქვაბი-შამბას გუნდი ხელისუფლებაში იანვრის ხმაურიანი მოვლენების შემდეგ მოვიდა და ქართველებთან დიალოგის მზადყოფნა რამდენჯერმე გამოთქვა.

ამ პერიოდში რუსეთი აძლიერებდა აფხაზეთის ოკუპაციას. ამის ერთი მაგალითია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამის დამტკიცება. მისი ამოქმედება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

2020 წელს სირიაში გაიხსნა აფხაზეთის ე. წ. საელჩო. აფხაზი დიპლომატები პირობას დებენ, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისთვის მუშაობას გააგრძელებენ. განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკისა და აზიის რეგიონში.

როგორც ჩანს, მომავალი წელი თბილისისთვის ამ მიმართულებითაც რთული იქნება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა