“ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ ენდობა” – თორნიკე შარაშენიძე

"ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ ენდობა" - თორნიკე შარაშენიძემედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი გარკვეული პერიოდი საფრანგეთში ცხოვრებას აპირებს და რომ ვითარების გასაცნობად მან პარიზში სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს:

– როგორ შეიძლება ივანიშვილისნაირი ადამიანი ასეთ ფაქიზ და დელიკატურ თემაში მიენდოს სალომე ზურაბიშვილისნაირ ადამიანს. ივანიშვილი არის ძალიან ფრთხილი, ყოველთვის იცის, რას აკეთებს. ხოლო სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან იმპულსური ადამიანი, ის გაუაზრებელი განცხადებებით გამოირჩევა. როგორ შეიძლება, ასეთი დელიკატური საქმე მიანდოს ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან.

– რამდენად სერიოზულად აღიქვამთ მსგავს განცხადებებს, რომ ივანიშვილი ტრამპს აფინანსებდა და ასე შემდეგ?

– ივანიშვილი რომ გამოჩნდა პოლიტიკაში 2011 წელს, ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის მთელი სახელისუფლო აპარატი მუშაობდა იმაზე, რომ ეპოვა ამ ადამიანზე რაიმე კომპრომატი, ერთი წელი ქექეს და ვერაფერი ვერ იპოვეს. ეს რას გვეუბნება? რომ ეს კაცი არის ძალიან ფრთხილი, დარწმუნებული ვარ, 20 წლის წინ გადახდილი დენის ქვითარიც შენახული აქვს. რატომ ჩაიდენდა ისეთ რამეს, რომ შარში გაეყო თავი? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ მართლა დააფინანსა, დააფინანსებდა სრულიად კანონიერად.

ასე რომ, რაღაც ახალი შეთქმულების თეორია, რომ არიქა, ტრამპის გამო გაიქცა, რა თქმა უნდა, სისულელეა. თავად სააკაშვილმა არ თქვა, რომ ივანიშვილი ამერიკის ელჩს შეჰპირდა, წავალო?! აქ რა შუაშია ტრამპის წაგების მერე წასვლა, მით უმეტეს, გაუგებარია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა