დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი შეცვლის – მთავრობაში ცვლილებები იწყება

დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი შეცვლის - მთავრობაში ცვლილებები იწყება„მთავარის“ ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება და დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს.

მოქმედ მინისტრს კი ამერიკაში საქართველოს ელჩად გზავნიან. მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი აღნიშნული ინფორმაციას არ უარყოფს.

მმართველ გუნდში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გიორგი გახარია მიიღებს.

გიორგი ხელაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. მანამდე კი ის პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი იყო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიორგი ხელაშვილის მინისტრად დანიშვნა, ირაკლი კობახიძის გავლენების გაფართოების მაჩვენებელია.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკას ოფიციალურად ჩამოშორდა, საგარეო ფლანგზე ისეთი კადრების დაწინაურება სჭირდება, ვისთანაც მის აფელირებას ვერ მოახდენენ. ამ გზით კი საერთაშორისო ასპარეზზე განადგურებული იმიჯის აღდგენას შეეცდება.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, რომელიც ამერიკაში დიპლომატიურ უწყებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მას საზოგადოება, ივანიშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში იხილავს.

ინფორმაციის გადამოწმება საგარეო სამინისტროშიც ვცადეთ, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზალკალიანი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და სამუშაო ვიზიტით ახლა ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

მთავარი