ეკა ბესელია – “ივანიშვილმა კობახიძე იმიტომ შეარჩია, რომ მისი მართვა იოლია”

ეკა ბესელია - "ივანიშვილმა კობახიძე იმიტომ შეარჩია, რომ მისი მართვა იოლია"პარტია “სამართლიანობისთის” ლიდერი ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დასრულდა:

– ივანიშვილმა დატოვა მართვის ყველაზე ცუდი სისტემა – არც ერთი თავისუფალი ინსტიტუტი! მთავარი დაპირება და იდეა – შეგვექმნა სამართლიანი სახელმწიფო, დატოვა შეუსრულებელი.

– ის მემკვიდრედ ტოვებს კობახიძეს?

– არა, მემკვიდრედ კი არა, ტექნიკური შემსრულებელია კობახიძე. უსიტყვო და იოლია მისი მართვა. ამიტომაც შეირჩა იგი.

– კობახიძე კალაძემ მოიყვანა პარტიაში. რა შეიცვალა მას შემდეგ და როგორ იქცა ის პარტიის ლიდერად?  კალაძე და კობახიძე ერთი გუნდია?

– კობახიძე კალაძის ფრთის ქვეშაა, უფასებს, რომ კალაძემ წარადგინა პარტიაში და ერთ ხაზს ატარებდნენ. დაწინაურება რა ნიშნით მოხდა? უპრინციპობით და ყველაფერზე ხელის მოწერით. კობახიძე ამ ნიშნით შეირჩა პარტიის თავმჯდომარედ. ის იყო დამყოლი და ასრულებდა ყველა სახის დავალებას.

განსაკუთრებით, როცა მე წამოვედი პირველი და შემდეგ რამდენიმე ძველმა თანამებრძოლმა დატოვა პარტია. აი, ამ დროს წამოიწია მედროვეთა გუნდმა … აი, ვინ დარჩა ივანიშვილს, არც ერთი ძველი თანამებრძოლი.

– ხომ არ ეცდება ივანიშვილი, რომ კალაძისგან ან გახარიასგან შექმნას ოპოზიცია და მას დაეხმაროს?

– უნდა ველოდოთ გადაჯგუფებებს, ახალ სვლებსაც, თუმცა “ქართული ოცნების” დამარცხება ივანიშვილის გარეშე გარდაუვალია… ეს უკვე რეალობაა.

გახარია-კალაძის ოპოზიციონერობის ნაკლებად მჯერა. ველოდები, რომ იქნება მცდელობა სხვადასხვა პარტიების მოსყიდვის და მანიპულაციების. უნდა დასრულდეს ეს ეტაპი. პოლიტიკა უნდა იყოს ცოცხალი და რეალური. დრო რაც დაიკარგა, უნდა აღდგეს. ივანიშვილს ექნება სურვილი, ჰქონდეს უსაფრთხო გარემო და ამისთვის იზრუნებს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა