“გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას” – ლევან ჩაჩუა

"გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას" - ლევან ჩაჩუა“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დიდი პრობლემები აქვს:

– ყველაზე საცოდავად “ოცნებაში” გამოიყურება პრემიერი გახარია. მას გუნდიც კი არ ჰყავს, სამ-ოთხ კაცს თუ არ ჩავთვლით. არადა, რეიტინგით გიორგი გახარია სხვებს უსწრებს. გახარიას მძიმე დროს უხდება პრემიერობა. მას, ალბათ, კიდევ ამუშავებენ, რამდენიმე თვეში კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვებენ. ღმერთმა უწყის, ვისით ჩაანაცვლებენ.

– მაინც, რა პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს?

– ივანიშვილმა მოამზადა ნიადაგი ხელისუფლების გადაბარებისათვის. მან ჯერ გააძლიერა ნაციონალური მოძრაობა, შემდეგ დაანაწილა. შემდეგი ეტაპია სხვადასხვა სახელის მქონე ნაციონალებისათვის ძალაუფლების გადაცემა. ამ გეგმაზე ადრეც მისაუბრია. ხომ ნახეთ, როგორ იჩქარეს? ყველაფერი უნდა მოესწროთ ბაიდენის ინაუგურაციამდე. ჯერ ივანიშვილი გადადგა, შემდეგ სასწრაფოდ აირჩიეს კობახიძე და პოლიტსაბჭო.

– თუ არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა იგეგმება, მაშინ ქუჩის აქციები საჭირო აღარაა?

– ქუჩის აქციებს აზრი ეკარგება. თუმცა, ქვეყანას დიდი გამოწვევები აქვს. ჯერ ერთი, კავკასია ისევ ცხელი რეგიონია. ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ არ მოგვარებულა. არავინ იცის, რა გველის. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ სოციალურ აფეთქებას საქართველოში. თავის დამშვიდება მიზერული კომპენსაციებით უგუნურებაა. ეს არის ზღვაში წვეთი. ეკონომიკაში მდგომარეობა უმძიმესი იქნება შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც. ჩვენს მოძრაობას არც არეულობა გვინდა, არც აფეთქებები, კატაკლიზმები და ძალადობა. ამგვარ პროცესებში არ ვმონაწილეობთ. არჩევნებზე დავრწმუნდით, რომ მზარდი ძალა ვართ და მშვიდობიანად გვინდა საქმიანობა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა