ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილს ლოკდაუნი პოლიტიკური სიმშვიდისთვის სჭირდება”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ივანიშვილს ლოკდაუნი პოლიტიკური სიმშვიდისთვის სჭირდება"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლოკდაუნი არის ხელისუფლების მარცხის ნიშანი.

ლაშა ჩხარტიშვილი:

– ვერ მართეს ეპიდემია. რატომ არ შემოაქვთ ვაქცინა?! რატომ ვართ მაჩანჩალა, ღატაკი ქვეყნების რიგში?! ამერიკამ, ისრაელმა, ევროკავშირმა უკვე დაიწყო ვაქცინაცია. ჩვენ რას ველოდებით?! ვაქცინა რომ არ გვაქვს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხარჯზე აღებული 10 მილიარდიანი ვალი მიითვისა. ვაქცინისთვის 20 თუ 17 მილიონი იყო საჭირო, რატომ ვერ გაიმეტეს?! თუ ჯერ არშექმნილ ვაქცინას ველოდებით?! აბა პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინა უკვე გადაინაწილეს სხვადასხვა ქვეყნებმა.

ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური პოლიტიკური კომფორტი ჰქონდეს ხელისუფლებას. მათ გაუტკბათ ხალხის ჩაკეტვა სახლებში. ამას აკეთებენ, რათა ნაკლები აქცია, ნაკლები პროტესტი მიიღონ ამ გაზაფხულზე, მაგრამ ვერაფერი შეაჩერებს ადამიანების პროტესტს. თუნდაც ტოტალური შეზღუდვებისა და ლოკდაუნის ფონზე, ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და ამ შიმშილს გააპროტესტებენ. ამიტომაც არ გახსნეს ტრანსპორტი, რომ ადამიანები ვერ მივიდნენ პარლამენტამდე, კანცელარიამდე. რატომ არ შეიძლებოდა დამატებითი ტრანსპორტის შემოყვანა, მგზავრთა ნაკადების ისე მართვა, რომ ნაკლები საფრთხე ყოფილიყო.

– თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ლოკდაუნი აწყობს?

– რა თქმა უნდა!

– რაში?

– ივანიშვილს აწყობს ლოკდაუნი პოლიტიკური სიმშვიდისთვის, მაგრამ ის ამისთვის აუცილებლად აგებს პასუხს და ამ პასუხს ხალხისგან მიიღებს გაზაფხულზე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა