ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებას” არ აწყობს პანდემიის შემსუბუქება”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ოცნებას" არ აწყობს პანდემიის შემსუბუქება"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის ბრძოლა უახლოეს მომავალში გააქტიურდება.

– ნურავის ექნება ილუზია, რომ ოპოზიციამ ხელი ჩაიქნია და ყველაფერი დასრულდა. წინ დიდი ბრძოლა და დიდი გამარჯვებაა. ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აწყობს ის რეალობა, რომელიც ქვეყანაშია.

– რატომ?

– ჩუმად მყოფი, შეშინებული და სახლში გამოკეტილი ხალხი, რომელიც ვერაფერს ვერ აპროტესტებს, ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს და ეს აწყობს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასაც. პანდემიას ეს ხელისუფლება სათავისოდ იყენებს. სრულიად შეგნებულად მანიპულირებენ ეპიდემიით. ხელისუფლებას არ აწყობს ეპიდემიის შემსუბუქება. ამიტომაც არაფერი არ კეთდება ვაქცინაციის დასაწყებად.

– რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას? ცუდად მართული ეპიდემია ხომ ისევ მას დაარტყამს?

– მშიერი, სარჩოწართმეული, სახლში გამოკეტილი და გაღარიბებული ხალხი აწყობთ და ამას ვუყურებთ დღეს ჩვენ. დღეს ვხედავთ სრულ პოლიტიკურ და ბიზნესმონოპოლიზაციას და მეტს არაფერს. თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ეს ნიშნავს ამ ყველაფერთან შეგუებას.

– ხმები გამოვიდა, რომ ოპოზიციას გაზაფხულის მოლოდინი აქვს. რამდენად ადეკვატურია ასეთი მოლოდინები?

– თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება ეს გაზაფხულამდეც კი მოხდეს. ადამიანები არ შეეგუებიან ასეთ რეალობას, შიმშილისთვის გაწირვას. დარწმუნებული ვარ, ადამიანები უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებენ. საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლებენ. დაუნდობელი, მოღალატეობრივი და კორუფციული პოლიტიკური რეალობის გაგრძელება დიდხანს შეუძლებელია. გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები. ერთპარტიული მმართველობა მრავალპარტიული მმართველობით უნდა შევცვალოთ და ეს ასეც იქნება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა