“მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა” – პეტრე მამრაძე

"მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა" - პეტრე მამრაძეყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დროული იყო იმ მხრივ, რომ მას არ სიამოვნებს პოლიტიკაში ყოფნა:

– როცა ადამიანს ძალიან არ სიამოვნებს, რომ არის საჯარო სივრცეში, მით უმეტეს (მას შევხვედრივარ და ვიცი მისი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი) არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა, რომ არ დაენახა, სხვა გზა არ იყო, მისი ხალხი იღუპებოდა.

მან ახლა ინტერვიუში თქვა: ჩემი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო ის, რომ 2011 წელს პოლიტიკაში შემოვედი და ამით არამარტო ჩემი სიცოცხლე გავწირე, არამედ, რაც მთავარია, ოჯახის, მეუღლისა და შვილების კეთილდღეობა და სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დავაყენეო. ვისი სიტყვები გაიმეორა სიტყვასიტყვით, თუ იცით? საქართველოში საჯაროდ პირველად ეს ვინ თქვა?

– იმავეს თქვენც ამბობდით, მაგრამ, პირველად ვინ თქვა, არ ვიცი.       

– ეს პირველად მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება მისი პოლიტიკაში მოსვლაა, რომელიც არ იზომება. ივანიშვილმა დაძლია თავისი ზიზღი და მიუღებლობა პოლიტიკური მოღვაწეობისა და პოლიტიკური სივრცის მიმართ, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდა და რისკის ქვეშ დააყენა არამარტო მთელი თავისი ქონება, არამედ თავისი, შვილებისა და მეუღლის სიცოცხლეც.

გახსოვთ, 2012 წლის არჩევნებამდე 18 ელჩი რომ მივიდა ივანიშვილთან სახლში, ამერიკის ელჩის თამადობით, იქ ჩაჯდა და აღარ წავიდა? რატომ მივიდნენ? ხუმრობდნენ, რომ ყველაზე დიდი ხელის ჩამორთმევა იყო ისტორიაში. ხელი ჩამოართვეს და ბიძინამ მათ ხელი არ გაუშვა. ისინიც არ წავიდნენ – მივიღეთ ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი (ახლა რომ თქვა, კაცი ყოფილა, თავისი ვალი მოიხადაო) აპირებს ბიზნესცენტრის დარბევასო.

ანუ მერაბიშვილს უნდოდა, ისევე დაერბია ივანიშვილის ბიზნესცენტრი, როგორც თავის დროზე ტელეკომპანია “იმედი” დაარბიეს. წყალი და დენი გამოურთეს, დაცვას იარაღი ჩააბარებინეს და ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, 18 უცხოელი ელჩი რომ მივიდა, მოერიდათ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა