სოსო ცინცაძე – “ივანიშვილს ქვეყნისთვის ვაქცინა უნდა ეყიდა და ისე წასულიყო”

სოსო ცინცაძე - "ივანიშვილს ქვეყნისთვის ვაქცინა უნდა ეყიდა და ისე წასულიყო"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

– ბატონო სოსო, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რატომ წავიდა? 

– წავიდა იმიტომ, რომ პოლიტიკა მისთვის ტვირთია. ის არ არის პოლიტიკოსი. წასვლა დააგვიანა, მაგრამ ახლა იჩქარა. პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ივანიშვილი არჩევნების მეორე დღესვე უნდა წასულიყო. მას უნდა ეთქვა, მოვაგებინე გუნდს არჩევნები და მივდივარო. თან შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას არავითარი პრეტენზიები არ ჰქონდა, მერე ატყდა ამბავი. ჭკვიანი მრჩევლები რომ ჰყოლოდა, მაშინ წავიდოდა და არა ახლა. ახლა იჩქარა.

– რატომ?

– ასეთი კრიზისის დროს ლიდერები კი არ მიდიან, პირიქით, ბრუნდებიან. კეთილი ჟესტით შეეძლო წასვლა. ვაქცინის პრობლემა გადაეწყვიტა. ეყიდა ვაქცინა ქვეყნისთვის. ეს მას დიდ ფინანსურ პრობლემას არ შეუქმნიდა, ხალხი კი დააფასებდა, ვალმოხდილი წავიდოდა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამოცანად რჩება, რატომ წავიდა! არის სხვადასხვა ვერსია, რომ ქონებას გაუფრთხილდა, რომ ერთადერთი ამოცანა აქვს, გადამალოს ეს ქონება და ა.შ. მაგრამ რეალობას მაინც, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ. მე მაინც ვთვლი, რომ პოლიტიკა მისთვის უცხო გარემოა და ის ამ უცხო გარემოდან წავიდა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა