“სულ ვამბობ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს” – პაატა ზაქარეიშვილი

"სულ ვამბობ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს" - პაატა ზაქარეიშვილიპაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ “ოცნებას” სულაც არ აწყობს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ეტყვიან ხალხს, ვის აპირებთ, რომ ხმა მისცეთ, აი, ამათ? პარლამენტში რომ არ შემოვიდნენ?! ისინი არც საკრებულოში არ შემოვლენ და დაგტოვებენ ისე. ძალიან კარგ პიარსამსახურს უწევს ოპოზიცია ხელისუფლებას.

– ამას ოპოზიცია ვერ ხვდება? ზოგჯერ ჩნდება ხოლმე კითხვები, ივანიშვილის თამაშს ხომ არ თამაშობენ?

– სააკაშვილზე სულ მაგას ვამბობდი, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობს-მეთქი. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ წამოიკიდა დანარჩენი ოპოზიცია. ზოგს უნდა შესვლა, მაგრამ დღეს უკვე გვიანაა. ოპოზიცია უკვე წაგებულია, გინდ ასე და გინდ ისე. თუ შესვლა უნდოდათ, ეს უნდა ექნათ თავიდანვე, უნდა განეცხადებინათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას პარლამენტში. ყველა არც შევა. ნაცმოძრაობას ურჩევნია გარეთ დარჩეს. ეს საინტერესო თემაა, ვინც გარეთ დარჩება, მას მეტი შანსი ექნება, რომ 2024 წელს გაიმარჯვოს. ვინც გარეთ დარჩება, ის იქნება ნამდვილი ოპოზიცია. ვინც შევა…

– მას იმიჯი შეელახება.

– აი, ზუსტი შეფასებაა. ასეა ზუსტად. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობას სტრატეგიულად აქვს გათვლილი გარეთ დარჩენა. 2024 წელს არჩევნები იქნება მხოლოდ პროპორციული და 5%-იანი ბარიერით. ასე რომ, ძალიან ბევრი პარტია გარეთ დარჩება. ნაცმოძრაობა, ასე თუ ისე, მაინც შევა. ამიტომ ურჩევნია დღეს გარეთ დარჩეს და მერე თავაწეული შევიდეს. შეინარჩუნოს იმიჯი ნამდვილი ოპოზიციისა. 2024 წლის არჩევნები, ეს არის უნიკალური შანსი პარტიებისათვის. ახალი ეპოქა იწყება საქართველოში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა