თამარ ჩხეიძე – “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია”

თამარ ჩხეიძე - "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია"ყოფილი დეპუტატი თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით, წავიდა თუ არა რეალურად ივანიშვილი პოლიტიკიდან:

– რამდენიმე წლის წინ მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, მაგრამ, უბრალოდ, ჩრდილში გადაინაცვლა და ყველაფერს მართავდა. შეიძლება შეიქმნას რეალობა, რომ ოპოზიციას გამოადგეს ივანიშვილის ეს ნაბიჯი.

– შეიძლება, რომ “ოცნებასაც” დასჭირდეს რიგგარეშე არჩევნები?

– თუ “ქართულ ოცნებასაც” დასჭირდა არჩევნები, მაშინ ის ამას დათანხმდება. ახლა არა მგონია, ამისთვის ემზადებოდნენ.

– რამდენად კანონზომიერია იმ პარლამენტის ხანგრძლივად მუშაობა, სადაც არის “ოცნების” 90 წევრი და 4 დეპუტატი, რომელთაც ოპოზიციას ვუწოდებთ?

– ეს ნორმალური ქმედითი პარლამენტი არ არის. პროცესები ისე ვითარდება, რომ “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია. ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება და ადამიანების უფლებების საშინელი შელახვაა. ყველაზე საშინელება მაინც მოსახლეობაში პანიკის დათესვაა. შიში და შეზღუდვა ასუსტებს ადამიანის იმუნიტეტს და თრგუნავს მას.

– ივანიშვილის საკითხს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რატომ მიიღო მან წასვლის გადაწყვეტილება?

– ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. შესაძლოა, დასავლეთიდან იყო ზეწოლა და მან ჩრდილში გადაინაცვლა. შეიძლება, მოზღვავებული პრობლემების ფონზე გაექცა პასუხისმგებლობას. ქონებაზეც სხვადასხვა აზრი არსებობს. მან ქონება ფონდ “ქართუში” გადმოიტანა. ამბობენ, რომ ადრე დასახელებული ქონება მარტო მისი არაა. არ ვიცი. რაც “ქართუს” გადმოუფორმა, იმით არაფერი შეცვლილა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა