“ევროპულ საქართველოს” “ლელომ” ხმები წაართვა – ნიკა ჩიტაძე

"ევროპულ საქართველოს" "ლელომ" ხმები წაართვა - ნიკა ჩიტაძეექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაქრაძეს დაახლოებით 11% ჰქონდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის პარტიის რეიტინგი 10-11%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა „ლელო“, მან წაიღო „ევროპული საქართველოს“ ხმების ნაწილი.

ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს, მაგრამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე „ლელო“ გამოჩნდებოდა, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი იყო, ახლა კი ეს ხმები გაიყო „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის.

– კამპანიის დროს ერთმანეთთან გააიგივეს მიშა და ბიძინა. ამან ხომ არ იმოქმედა პარტიაზე უარყოფითად?

– იმ კამპანიას, რომ არც ბიძინა და არც მიშა, ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთ ქვაბში მოხარშვა. აქედან გამომდინარე, შენ თუ ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში, ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება. „პატრიოტთა ალიანსისგან“ ასეთი კამპანია, რომ არც „ოცნება“ და არც ნაციონალები, მისაღები იქნებოდა, მაგრამ „ევროპული საქართველოსგან“ მისაღები არ არის.

შესაძლოა, ამან რაღაც გავლენა იქონია და მცირე ნაწილმა აღარ მისცა ხმა, მაგრამ, არა მგონია, ეს ყოფილიყო გადამწყვეტი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა