“გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის” – რამაზ საყვარელიძე

"გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის" - რამაზ საყვარელიძეექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გახარიამ შეიძლენა მესამე ძალა შექმნას:

– ამ ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციაზე უკვე შეიძლებოდა ფიქრი ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი ინტერვიუს შემდეგ. ოპოზიცია ახალი შემადგენლობით – თითქოს ამ ინტერვიუს გზავნილიც ეს იყო. მართალია, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ უთქვამს, მაგრამ რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთ დროს ფსონს რეიტინგულ ფიგურაზე დებენ. ამდენად, ასეთი რეიტინგული ფიგურა, სავარაუდოა, რომ გახარიაა. იქვე ისიც თქვა, რომ არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას” არაფერი ემუქრება.

არა მგონია, “ქართული ოცნება” ყუთში გადააგდონ. ამის ნიშანი ირაკლი ღარიბაშვილის წამოწევა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაა. საბოლოოდ, არჩევნებში ერთი თუ ვერ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მეორე ალტერნატივა. ამით კი მოხდება ნაციონალური მოძრაობის, მისი სტილის ოპოზიციის რეიტინგების ბოლოში მოქცევა. ეს არის მიზანი.

– მესამე ძალა, ახალი ცენტრი არსებულ ოპოზიციას ჩაანაცვლებს?

– დიახ, ვფიქრობ, რომ გახარიას ნაბიჯი აქეთკენ არის მიმართული. თუ გახარია პარტიას შექმნის და, ვვარაუდობ, რომ შექმნის, ის აუცილებლად ოპოზიციური იქნება სწორედ “ოცნების” მიმართ, მაგრამ გახარია არ დაიწყებს ბოქლომებითა და კარვებით სირბილს. ეს სტილი, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს, ახალი ოპოზიციისთვის არ იქნება დამახასიათებელი. ის ახალ სტილს შემოგვთავაზებს.

– ვინ შეიძლება იყოს მისი დასაყრდენი, ახალი ხალხი თუ ეს საყრდენი მან არსებულ ოპოზიციაში შეიძლება იპოვოს?

– რას ამბობდნენ, რამდენი “ლაიკი” ჰქონდა ფეისბუკზე?! და, როგორ გგონიათ, პოლიტიკოსები უძლებენ ასეთ ცდუნებას?! ცქიტიშვილი რომ იქნება მის გვერდით, ეს დადასტურებული ამბავია. არა, ბევრი იქნება, ბევრი დამერწმუნეთ.

– “ოცნებიდანაც” გადაბარგდებიან?

– “ოცნებიდან” სწორედ. მიზიდულობა აქვს ორივეს. რაღაც ნაწილი გახარიასკენ წავა, რაღაც ნაწილი – ღარიბაშვილისკენ. გათვლა სწორედ ეს არის, რომ მიმზიდველობა არ დაკარგოს არც ერთმა ცენტრმა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობით