“გახარია “ოცნებას” გაემიჯნა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დაგვიანებულია” – კორნელი კაკაჩია

"გახარია "ოცნებას" გაემიჯნა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დაგვიანებულია" - კორნელი კაკაჩია„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო სწორი, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო მისი მხრიდან:

– სწორი იმიტომ იყო, რომ ეს არის მცდელობა, გარკვეულწილად კონფრონტაციის შერბილებას ხელი შეუწყოს. ასევე მან გამოიჩინა თავისი წილი პასუხისმგებლობა.

ერთიანობა არ არსებობს „ქართული ოცნების“ შიგნით და სხვადასხვა ჯგუფს შორის არის კონკურენცია. ამის დადასტურება იყო ის, როდესაც მან გააკეთა განცხადება, ჩვენი ხედვები არ ემთხვეოდა ერთმანეთს ვითარების განმუხტვასთან დაკავშირებითო. გახარიას არ სურდა, კიდევ ერთხელ თავის თავზე აეღო. ის ერთხელ უკვე იყო ამ სიტუაციაში გავრილოვის ღამის შემდეგ. მეორედ ამის თავის თავზე აღება მას არ უნდოდა, მით უმეტეს – ივანიშვილის წასვლის შემდეგ.

– გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა?

– კი, გაემიჯნა და მისი პოზიცია იყო უფრო რბილი, განსხვავებით გუნდის სხვა წევრებისგან, რომლებიც უფრო ხისტი პოზიციის მომხრეები არიან, არაფრის დათმობას არ აპირებენ და ძალის გამოყენებაზეც არ ამბობენ უარს. გახარია კი ეცადა, რომ ამ სიტუაციას გარიდებოდა. ამ ვითარებამ გამოაჩინა ის კრიზისი, რომელზეც დიდი ხანია, ყველა საუბრობს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა