“გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა”

"გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა"პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გადადგომაზე საუბრობს.

– ბატონო დავით, გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ჩანს, სიურპრიზი აღმოჩნდა თავად “ქართული ოცნებისთვის”. რა მოხდა?

– 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. მაშინ მე ვიყავი დეპუტატი, პარლამენტში იყო გიორგი გახარიაც მოსული. ერთი კიბით დაბლა ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი, როდესაც პირველი გასროლა მოხდა. იქვე, ერთი კიბით ზევით გიორგი გახარია ყვირილით არკვევდა გამწარებული – ვინ ისროლა?! პირველ ეტაპზე ის არ იღებდა თავის თავზე ბრძანების გაცემას, მხოლოდ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.  ბიძინა ივანიშვილმა აიძულა გახარია, რომ საკუთარ თავზე აეღო ბრძანების გაცემა.

– გახარიას გადაწყვეტილება ივანიშვილმა არ იცოდა და დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო?

– ივანიშვილმა როგორც 20 ივნისი შესტენა გახარიას, ისე ახლა გახარიამ იხელთა დრო და სამაგიერო გადაუხადა.

– გახარია სახლში წავიდა თუ გუნდს ჩამოაყალიბებს და პოლიტიკაში ჩაერთვება? 

– მას შეუძლია, გახდეს პერსპექტიული პოლიტიკური გუნდის საკმაოდ კარგი ლიდერი.

– ამ საკითხზე აწარმოებდით მასთან მოლაპარაკებას?

– არა. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის სიმართლე და რეალობის აღქმა არ უნდა დაკარგოს ადამიანმა. მიუხედავად ყველაფრისა, გახარია არ იმსახურებდა იმას, რასაც მას უმზადებდნენ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა