“გახარიას განსაკუთრებული მადლობა” – 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგა

"გახარიას განსაკუთრებული მადლობა" - 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა.

„დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი.

10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი.

მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“, – წერს ქემოკლიძე.

ცნობისთვის, კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 20 დღის წინ, 4 თებერვალს დაინიშნა.