“ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ჩააჩოჩებს, მელიას კი დაიჭერს” – ლადო სადღობელაშვილი

"ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ჩააჩოჩებს, მელიას კი დაიჭერს" - ლადო სადღობელაშვილიექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას აფასებს.

– როგორ აფასებთ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას?

– თუ რაიმე სამაშველო რგოლი შეიძლებოდა გადმოეგდო “ქართულ ოცნებას” თავისი გულშემატკივრებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი  ღარიბაშვილის დასახელება იყო პრემიერის პოსტზე.

თუმცა აქ მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილი  მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებებს თუ ირაკლი კობახიძესთან და მსგავს ტიპებთან?!

– ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთად ვერ ძოვენო. ამაზე რას იტყვით?

– 2014 წელს, როდესაც ირაკლი კობახიძე მოვიდა პარტია “ქართულ ოცნებაში”, პირველი განცხადება, რომელიც გააკეთა, იყო ღარიბაშვილის საწინააღმდეგო, რამაც გულანთებული “ოცნების” მხარდამჭერების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ერთ სივრცეში დიდხანს ვერ იქნებიან. ღარიბაშვილი აუცილებლად დაიწყებს კობახიძისა და მისი მსგავსი პიროვნებების ჩამოშორებას.

აქ ერთი პრობლემა ჩნდება – ღარიბაშვილს პარლამენტში არ ჰყავს თავისი გუნდი. სწორედ აქედან გამომდინარე მე გიანონსებთ ვადამდელ არჩევნებს. ღარიბაშვილი არ არის ის კადრი, რომელიც საპარლამენტო გუნდის გარეშე გაუძღვება ქვეყნის მართვას. ღარიბაშვილი დააკომპლექტებს რიგგარეშე არჩევნების სიას და მისი გუნდის წევრები უფრო მძლავრად იქნებიან წარმოდგენილი ამ სიაში.

– მელიას საქმე როგორ იქნება?

– დიდი ალბათობით, მელიას დაიჭერენ. სწორედ ამიტომ მოვიდა ღარიბაშვილი, რომ ნაცებს გაუსწოროს ანგარიში, ისინი გაასწოროს მიწასთან. ამისთვის კი მას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები.

ღარიბაშვილი ჩააჩოჩებს მდინარაძეს, რომელიც ყოფილი ნაცია და კიდევ მის მსგავსებს, რომლებიც მრავლად არიან დღეს “ოცნებაში”.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა