„გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ სილა გააწნა“ – გია ნოდია

„გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ სილა გააწნა“ - გია ნოდიაპოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას გადადგომა იყო სილის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“:

– ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ რამდენიმე პრემიერ-მინისტრის გადადგომა და აქამდე ერთადერთი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც ბუნდოვნად, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახსნა თავისი გადადგომის მიზეზი. მაგრამ ამ შემთხვევაში გახარია დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს რაღაც კონკრეტულ და პრინციპულ საკითხზე, თანაც ეს მოხდა პოლიტიკური კრიზისის მომენტში და ეს კრიზისი გააღრმავა „ქართული ოცნებისთვის“.

ოპოზიციამ ეს გადადგომა მიიღო, როგორც მომავალი გამარჯვება და ამ ფონზე, როდესაც ულაიქებენ ფოტოს, ესეც ბევრ რამეს ნიშნავს. ფოტოზე მარტო ის ხომ არ არის? ფოტოზეა საკმაოდ ბევრი მისი თანამშრომელი, ეს არის ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, რომ თანამშრომლებს ის უყვართ. თითოეულმა ადამიანმა რატომ დაალაიქა ფოტო, ეს მათი პირადი საქმეა და ვერ განვაზოგადებ, მაგრამ ობიექტურად ესეც ერთგვარი სილის გაწვნაა ხელისუფლებისთვის დღეს. იმიტომ, რომ ფაქტობრივად მას დაულაიქეს ის გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო. ეს ბუნებრივად ასე აღიქმება.

_  „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას წასვლით ხმები დაკარგა?

_ არა მგონია, ხმების საკითხი ამ წუთში აქტუალური იყოს. იმიტომ, რომ არ არის წინასაარჩევნო პერიოდი, მაგრამ დაკარგა. თუმცა, დაკარგა არა იმიტომ, რომ გახარია არის პოპულარული ფიგურა, არამედ ქვეყნის ნომერ პირველი ფიგურა გადადგა და დაუპირისპირდა თავის გუნდს ასეთ პრინციპულ საკითხზე, ეს ასეთ კრიტიკულ მომენტში ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური მარცხია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა