კახა ოქრიაშვილი – “პარლამენტში შესვლას არც კი განვიხილავ ახალი არჩევნების გარეშე”

კახა ოქრიაშვილი - "პარლამენტში შესვლას არც კი განვიხილავ ახალი არჩევნების გარეშე"პარტიის “პროგრესი და თავისუფლება” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს.

– თქვენზეც ვრცელდება ხოლმე ჭორად, რომ შესაძლოა, კახა ოქრიაშვილი შევიდეს პარლამენტში. მკაფიოდ გვიპასუხეთ, განიხილავთ?

– არა! არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება ჩანიშნული ახალი არჩევნები. თუ ეს მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ვადამდელი არჩევნების თარიღი არ ჩაინიშნება, პარლამენტში შესვლაზე არც კი დავფიქრდები!

ამ თემაზე უნდა შედგეს მოლაპარაკება, რომელიც დაზღვეული იქნება ელჩების მიერ, რადგან ჩვენ არ ვენდობით “ქართულ ოცნებას”. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ არჩევნებს შემოდგომაზე ნიშნავენ, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ატარებენ და არა, მაგალითად, 2023 წელს. ამ შემთხვევაში, პარლამენტში მუშაობას მთელი ოპოზიციური სპექტრი გააგრძელებს.

– როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები?

– ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება ამ შემოდგომაზე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბეს. ხელახალი არჩევნების ჩატარების უფრო დიდი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ 8 წელია “ოცნება” ხელისუფლებაშია და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არის ნულის ტოლი! ვსაუბრობ კოვიდ-პანდემიამდე არსებულ ვითარებაზე, თორემ კოვიდის თემით ვერ ვისპეკულირებ, რადგან დიდი ქვეყნებიც კი ეკონომიკურად მინუსში გავიდნენ.

ქვეყანა არ მიდის წინ. ყველაფერი სტაგნაციაშია. ერთადერთი, რასაც “ოცნება” დღემდე გაიძახის, ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის რეჟიმი გვერდზე გაწიეს. კი ბატონო, იმ რეჟიმს ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი იყო ქვეყნის ადმინისტრირების რეფორმა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით რა საშინელებაც იყო, ყველას გვახსოვს.

მადლობა, რომ “ოცნებამ” 2012 წელს კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე 2021 წელია და ამაზე აღარ შეიძლება საუბარი. ახლა ისეთ ახალ ხალხს უნდა დაუთმონ გზა, ვინც ქვეყანას წინ წაიყვანს, ოღონდ ადამიანის უფლებების დაცვის ფონზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა