“კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს” – ლაშა ჩხარტიშვილი

"კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს" - ლაშა ჩხარტიშვილილეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

– ლაშა, კახა კალაძის ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან თქვენ რითი ხსნით?

– კახა კალაძე გრძნობს, რომ “ქართული ოცნების” გემი იძირება, თუმცა ბოლომდე ვერ ბედავს ბორტიდან გადახტომას. ყველა გრძნობს შიგნით თუ გარეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე რეპრესიებით ცდილობენ გამყარებას. რეპრესიებით კი ვერავის ვერ შეაშინებენ, რადგან ამ ქვეყანაში დიქტატურა არავის გასვლია. კალაძეს, როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. ცდილობს სამომავლოდ ადგილის დაბევებას, განსხვავებული იმიჯის შექმნას. ჩემთვის კი კალაძე კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკია თავისი 30-ათასიანი ნაგვის ურნებით იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უბრალოდ სკვერში იყინებიან და ბავშვებს შიათ.

თუმცა, რა თქმა უნდა, მასაც აქვს შანსი, გამოისყიდოს ეს ყველაფერი, თუკი დროულად გადადგამს ნაბიჯს.

– რა უნდა იყოს ეს ნაბიჯი?

– თანამდებობის დატოვება. ეს ნამდვილად იქნებოდა შემამსუბუქებელი გარემოება თუ მას უნდა განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ ეს ახლა უნდა გააკეთოს.

მე არ გამოვრიცხავ, რომ კალაძემ გახარიას მიბაძოს, თუ ასეთივე დროული იქნება კალაძის მოქმედება, ეს მხოლოდ მას წაადგება და მისთვის იქნება უკეთესი. მეორე მხრივ, ეს დააჩქარებს “ოცნების” კრახს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა