ხატია დეკანოიძე – “მზად ვართ, 25 თებერვლის აქცია გადავდოთ”

ხატია დეკანოიძე - "მზად ვართ, 25 თებერვლის აქცია გადავდოთ"ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.

მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

„ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო 20 ივნისიდან, სწორედ ამის გამო დევნიან პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის ყველა მხარე უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად გაწეული ძალისხმევისთვის.

„ჩვენ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლის თავის აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს და უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო კონგრესიდან, სენატიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია”, -განაცხადა დეკანოიძემ.

იპნ