“მელიას თუ დაიჭერენ, ვაია, არ დაიჭერენ, ვუია” – სოსო ცინცაძე

"მელიას თუ დაიჭერენ, ვაია, არ დაიჭერენ, ვუია" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტოლოგიაში ცალკე თავად შევა “მელიას კაზუსი”:

– მელია “ოცნებას” მძიმედ გაეჩხირა ყელში. დარწმუნებული ვარ, “ოცნების” ლიდერები ღამეებს ათენებენ ფიქრში, როგორ ქნან, რომ თან დაიჭირონ და თან არ დაიჭირონ. დაიჭერენ ვაია, არ დაიჭერენ ვუია. ხელისუფლებამ არჩევანი ამ ორს შუა უნდა გააკეთოს. თუ მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, მაშინ დანარჩენებსაც უნდა მოუხსნან. დანარჩენებს თუ არ მოუხსნიან, რა, ფანჯრები უნდა ჩაამსხვრიონ, დანაშაული უნდა ჩაიდინონ, რომ მოუხსნან?! კურიოზული სიტუაციაა. სამარცხვინო კურიოზშია ქვეყანა გახვეული.

– დააკავებემ ნიკა მელიას?

– ნიკა მელია სულაც შარაგზის ყაჩაღი რომ იყოს, ის მთელი დასავლეთისთვის არის ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ამიტომ, ვის დააკავებს “ოცნება”? არა იმ ადამიანს, რომელიც კანონზე მაღლა აყენებს თავს, არამედ – მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერს. როგორ ქვეყნებში აპატიმრებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს? უკვე ჩინეთშიც აღარ, მხოლოდ რუსეთში. რუსეთს შეუძლია, ევროპას ანგარიში არ გაუწიოს. ეს ლავროვმა ბორელთან შეხვედრაზეც გვაჩვენა, მაგრამ ამის ფუფუნება აქვს საქართველოს?!

“ოცნება” გვეუბნება, რომ ორ-სამ წელიწადში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ! რა, იქვე მიაწერენ, რომ დაპატიმრებულია მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი?! დიახ, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს, მაგრამ რომელ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც მთავარი აუდიტორის მცემელი კაცი გამართლდა?!

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა