ნათია მეზვრიშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “მელიას დაკავებამ ქვეყანა უკან დახია”

ნათია მეზვრიშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - "მელიას დაკავებამ ქვეყანა უკან დახია"მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:

პირველ რიგში – არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა – უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.

სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული, მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას…

და ბოლოს, ყველაზე მთავარი – ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“.