“ნაცმოძრაობა მომხრეებს კარგავს და ის მალე 2%-იანი გახდება” – რამაზ საყვარელიძე

"ნაცმოძრაობა მომხრეებს კარგავს და ის მალე 2%-იანი გახდება" - რამაზ საყვარელიძეექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზეა:

– 5%-ზე არასდროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ორომტრიალი, ბოიკოტი, რომელსაც ის ქმნის, მისთვის წამგებიანია. არ მუშაობს.

– ერთგული ამომრჩეველიც განუდგა?

– როგორც ჩანს, განუდგა. რაიმე ვალდებულებით ხომ არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობას მიმაგრებულები. პარტია ნელ-ნელა ამომრჩეველს კარგავს. შემდეგი ბოიკოტი და ის ტაქტიკა, რაც აქვთ არჩეული, ამ ციფრს კიდევ უფრო შეამცირებს. ამ მაჩვენებლებით ის იმ რიგით პარტიებს მიუახლოვდება, რომლებსაც ხალხი 2-3%-იან პარტიებს უწოდებს.

– და ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, რას შეცვლიდა 60 მანდატით?

– ბევრ რამეს. პირველ რიგში, პარლამენტში შესული ოპოზიცია გარდაუვალად იქნებოდა ერთიანი, ერთიანი პოლიტიკით დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას. ეს ძალიან დიდი ძალა იქნებოდა, უნიკალურიც კი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, რადგან ოპოზიციას ამდენი მანდატი პარლამენტში არასდროს ჰქონია.

– ხელშესახებს რამეს დადებდა, მაგალითად, რომელიმე კანონს?

– კი. შეძლებდა საგამოძიებო კომისის შექმნას, რომელიც არჩევნების შედეგებს გამოიკვლევდა. მეორე, შეძლებდა ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა მეტ-ნაკლებად სუფთა არჩევნებს, რომლის შედეგებშიც ეჭვს ვერ შეიტან. ეს მინიმუმია, რასაც შეძლებდა ერთიანი, რაციონალური ოპოზიცია.

– პოლიტიკურად მოუგებდა ხელისუფლებას? 

– რა თქმა უნდა! გაცილებით ნაკლები იყო წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია და საგრძნობი იყო მისი არსებობა. ოპოზიცია ხშირად უგებდა პოლიტიკურ ველზე “ქართულ ოცნებას”.

ამდენად, ოპოზიციამ თავისი ამ ნაბიჯებით “ქართული ოცნების” საქმე გააკეთა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა