“ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი” – ვახტანგ ძაბირაძე

"ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი" - ვახტანგ ძაბირაძეექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩის პოლიტიკის წარმართვა რთული საქმეა და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება:

– ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. 2008 წლის მოვლენები გაიხსენონ. როგორ დასრულდა მაშინ ის ყველაფერი, ხომ კარგად ახსოვთ?! დიდი სისულელე ქნა ოპოზიციამ 2008 წელს, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. დღესაც იმავეს იმეორებს. სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობ, გასაგებია, მაგრამ საკუთარზე მაინც ხომ უნდა ისწავლო?! დღეს ოპოზიცია ქუჩაში მარტო დარჩა.

– ხალხის გარეშე, მოკავშირის გარეშე?

– დიახ, მოკავშირის გარეშე. არც ერთი პარტნიორი ქვეყანა მხარს არ უჭერს ოპოზიციის ბოიკოტსა და მის ქუჩაში დარჩენას. დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო, საზოგადოების განწყობა ნახეთ.

– ენდიაის კვლევებმა რა გვიჩვენა?

– საზოგადოების განწყობები და ტენდენციები სრულად არის ასახული ამ კვლევებში. პროცენტებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ განწყობები ასახულია. გასაგებია, რომ ყველა არჩევნების შემდეგ პარტიათა რეიტინგი ეცემა, ამომრჩეველი გულგატეხილია და ა.შ. მაგრამ ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას ნამდვილად არ ველოდი.

ოპოზიციას იმედი აქვს მძლავრი აქციების აგორებისა და მოლაპარაკებებზე პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა. ეს მცდარი ტაქტიკაა. გამოვა ის, რაც ყველაზე მეტად არის სახიფათო ქვეყნისთვის. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ ერთპარტიულ ქვეყანას. ეს მართლაც კატასტროფა იქნება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა