“ოცნებამ” მელიას დაჭერით ძალის ჩვენება მოინდომა, მაგრამ დასავლეთის უმძიმესი რეაქცია მიიღო” – თორნიკე შარაშენიძე

"ოცნებამ" მელიას დაჭერით ძალის ჩვენება მოინდომა, მაგრამ დასავლეთის უმძიმესი რეაქცია მიიღო" - თორნიკე შარაშენიძეექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ძალაუფლებაში ყოფნა ყველას აგიჟებს.

– საოცარია ამდენი სისულელის ჩადენა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ოპოზიციამ ჩაიდინა ამდენი სისულელე, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ ოპოზიციის ჩადენილი სისულელეები ისევ ოპოზიციის გამარჯვებად აქცია.

– დასავლეთი მკაცრ შეფასებებს აკეთებს. რა მოლოდინი გაქვთ?

– 7 ნოემბრის შემდეგ მე ასეთი მწვავე და მსგავსი შეფასებები არ მახსოვს. 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილიც გადადგა და არჩევნებიც დაინიშნა. თუ ოპოზიცია არ დაუშვებს შეცდომას, ამ ხელისუფლების საქმე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

– წავა “ქართული ოცნება” ვადამდელზე?

– ამ სიტუაციაში ან ვადამდელზე უნდა წავიდნენ, ან სასწრაფოდ რაღაც გამოსავალი უნდა მოიფიქრონ. მინიმუმ, მელია უნდა გაათავისუფლონ.

– მელიას გათავისუფლება რომ ნდომებოდათ, არც დააპატიმრებდნენ.

– ძალის დემონსტრირება მოახდინეს და, როგორც ჩანს, არ ელოდნენ ასეთ მძიმე რეაქციას. ახლა როგორმე უნდა იპოვონ გამოსავალი. ისეთი ხისტი ადამიანია დღეს ხელისუფლების სათავეში, ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ რთულია წინასწარ რაიმე განსაზღვრო.

– გახარია უფრო გაწონასწორებული ფიგურა იყო?

– გახარია ზრუნავდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მაინც. გარშემო ძალიან კარგი საჯარო მოხელეები და პროფესიონალების გუნდი შემოიკრიბა და აძლიერებდა ინსტიტუტებს. ღარიბაშვილის მუშაობის სტილს მე არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსმა, თავი დაგვამახსოვრა, როგორც ძალიან ხისტმა ადამიანმა.

– თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდში დადებითი იყო ხელისუფლების მისამართით.

– არჩევნების შემდეგ ხელისუფლება თამაშობდა ჭკვიანურად. ოპოზიციამ სისულელე ჩაიდინა. იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება ჭკვიანურ თამაშს გააგრძელებდა, მაგრამ რაღაც მომენტში უცებ გაშლეგდნენ და აიწყვიტეს. დასავლეთის ასეთი კრიტიკა სერიოზული პრობლემაა ამ ხელისუფლებისთვის. ოპოზიცია რომც გააჩერონ, მათ რას მოუხერხებენ?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა