„ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

„ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე არ უმსჯელია.

„გუნდის წევრთა უამრავლესობისთვის პრემიერ გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთანაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა. საქმის კურსში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიყავით.

ამავდროულად, სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ისეთი პოლიტიკური ძალა თავისი რეიტინგით თუ მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, პოლიტიკური კრიზისი შექმნას და ქვეყანა ქაოსში ჩაითრიოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გვმართებს.

გიორგი გახარის განცხადებიდან ჩვენ ძალიან მალე დავიწყეთ ამაზე ფიქრი. პირველივე წუთებიდან, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, შემდეგ პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი. პრაქტიკულად, ლიდერები ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებულები.

აქვე გეტყვით, რომ სხვა კანდიდატთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია. პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმად იყო მხარდაჭერა და შემდეგ, როგორც გითხარით, უმრავლესობის მხრიდანაც“,-განაცხადა მდინარაძემ.