“ოცნებას” 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება” – ვახტანგ ძაბირაძე

"ოცნებას" 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება" - ვახტანგ ძაბირაძეექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” საერთოს არ აწუხებს პარლამენტში მარტო ყოფნა:

– ისინი უფრო ანგარიშს პარტნიორ ქვეყნებს უწევენ. ამიტომაც ჩააგდეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” დიდად მოხარული იყოს 60-ივე ოპოზიციონერის პარლამენტში ხილვით. ეს ძალიან გაურთულებს საქმეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ეცდებიან ვიღაცების შეყვანას, მაგრამ არა მთლად 60-ივეს შეყვანას.

ახლა “ქართული ოცნება” ეცდება, წარმოაჩინოს, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა მოლაპარაკებები და უნდა რევოლუცია. ამის დამტკიცებას პარტნიორ ქვეყნებთან შეეცდებიან. ჯერჯერობით ამას ახერხებენ და ახერხებენ საკმაოდ წარმატებით.

– თუმცა, ვიღაცების გადაბირებას მაინც ეცდებიან?

– რასაკვირველია. ამას ემსახურება სწორედ ღია კარის პოლიტიკა. თუ კიდევ გააგრძელებენ ამ დროს და ჰაერში იქნება ეს საკითხი გამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც აღმოჩნდნენ ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ზღვარს გადააბიჯებენ და პარლამენტში შევლენ. გადააბიჯებენ სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ბევრად უფრო ნათელი გახდება, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია მარტოა. მის გვერდით არავინ არის არც შინ და არც გარეთ.

ქუჩაში გაზაფხულზე მასობრივი აქციების ორგანიზება  ძალიან რთული იქნება. მე არ მგონია, რომ ხალხის დიდი რაოდენობა ქუჩაში გამოვიდეს. ამ შემთხვევაში ამ ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღება  ბევრად უფრო გაუადვილდებათ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა