“ქართული ოცნება” ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტს

"ქართული ოცნება" ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტს„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

“დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: – რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს;

დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.

ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა”, – ნათვქმია “ქართული ოცნების” განცხადებაში>