“სააკაშვილს მელია პარტიის თავმჯდომარედ არ უნდოდა” – პეტრე მამრაძე

"სააკაშვილს მელია პარტიის თავმჯდომარედ არ უნდოდა" - პეტრე მამრაძეყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” სააკაშვილსა და მელიას შორის ურთიერთობაზე საუბრობს.

– მელია სააკაშვილის კონკურენტია?

– სააკაშვილს სულაც არ უნდოდა მელიასნაირი ფიგურა პარტიის თავმჯდომარედ. სააკაშვილს თავისი მონა-მორჩილი გრიგოლ ვაშაძე უნდოდა. მელიამ გრიგოლ ვაშაძეს აჯობა. პარტიამ ასე გადაწყვიტა, ანუ სააკაშვილს კონტროლი გაექცა. მერე ჩაყოლას ჩათრევა სჯობსო და გამოაცხადა, ნახეთ, პარტიაში როგორი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთო. დემოკრატიული კი არა, ხომ გახსოვთ, სამადაშვილი რას ლაპარაკობდა სატელეფონო საუბარში.

– მაშინ სამადაშვილმა გაამხილა, როგორი განწყობა იყო ნაციონალების გუნდში.

– ასე რომ, მელიათი დაწყებული, სააკაშვილის ბიძით გაგრძელებული, ყველას გეგმა სიტუაციის არევა იყო.

– მელიას ციხეში ჩაჯდომა ნამდვილად არ უნდოდა.

– მელიას ციხეში ჩაჯდომა პროვოკაციით უნდოდა. კაცი მიტინგზე პოლიციის მიერ გაკეთებულ ელექტრონულ სამაჯურს რომ მოიხსნის, საჯარო განცხადებას გააკეთებს და გადააგდებს, ეს არის სახელმწიფოს გამოწვევა. მსგავსი რამ მე და თქვენ რომ გავაკეთოთ, გვაპატიებენ? მელია აცხადებდა, მოძრაობის საწინააღმდეგოდ მივდივარ, მოდით და დამიჭირეთო. საშინელ დღეში ჩააგდო სახელმწიფო, არჩევანი არ დაუტოვა.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა