თალაკვაძემ  კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა

თალაკვაძემ  კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭაპარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელიც პირს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

“მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ სცადა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევებში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით რეფორმის წარმატებით დასრულება შეძლო. ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი ამ პროცესში ჩართული იყო და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება არის სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილისთვის, რაც მან კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიის და სახელწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში შეიტანა“, – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, ფულადი ჯილდო, რაც აღნიშნული ორდენის ნაწილია, კობახიძის სურვილით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის გადაირიცხება.