ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფიდან წავიდა

ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფიდან წავიდა„წავედით აჭარა ჯგუფიდან, მაგრამ ვრჩებით მის გულშემატკივრებად და წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს,“- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„დასრულდა ჩვენი და აჭარა ჯგუფის ათწლიანი, საქმიანი და ძალიან წარმატებული ურთიერთობა. მე 10 წლის წინ თემურ უგულავას ბიზნესს შემოვუერთდი და ერთმანეთის მხარდამხარ, თავდაუზოგავი შრომით და უდიდესი შემართებით, შევქმენით ინოვაციური კომპანია, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში უდიდესი აღიარება მოიპოვა.

მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც 2011 წლიდან ლევან ბერულავასთან ერთად ჩამოვაყალიბე და რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე თანამედროვე, ხოლო რეგიონში უპირობოდ ლიდერი კომპანია.

ჩვენს გუნდთან ერთად მოვახერხეთ სრულად შეგვეცვალა საქმისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება. დავამკვიდრეთ თანასწორობის პრინციპს, სოციალურ პასუხისმგებლობას, კორპორაციულ კულტურასა და ერთმანეთის შრომის პატივისცემაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტი.

წინ უამრავი საინტერესო და მასშტაბური პროექტი გველის, რომლის შესახებაც დეტალებით, მალე დაგიბრუნდებით.

წავედით აჭარა ჯგუფიდან, მაგრამ ვრჩებით მის გულშემატკივრებად და წარმატებას ვუსურვებთ მთელ გუნდს. კიდევ ერთხელ, ამ 10 წლისთვის დიდი მადლობა ყველას! შევხვდებით მალე,“ – წერს ჩეხერია.

ბიპიენი