“ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს” – მაია ცქიტიშვილი

"ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს" - მაია ცქიტიშვილიყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რომელიც ასე გულწრფელად აკეთებს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,

“მე და ბატონი ირაკლი 15 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთობლივად გაკეთებული ძალიან ბევრი საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. ასევე, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, მაშინ ვეხმარებოდი როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვთხოვე, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული ამით დავასრულო, მივცე საშუალება ჩემს გუნდს. ირაკლი ქარსელაძე არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში. ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი, მთელი ის გუნდი, რომელთან სამინისტროში ჩვენ ერთად შევქმენით, ისინი ასევე გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც დავიწყეთ.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და საინტერესოა, რომ მე უკვე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც რამდენიმე პრემიერის შემთხვევაში მქონდა საშუალება მსახურების.

დღევანდელი ტრიბუნა მინდა, გამოვიყენო, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, სადაც ასევე ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი გუნდი, შემადგენლობა, ჩემი კოლეგები ძალიან ეფექტურად და წარმატებით მართავდნენ ამ პროცესს. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით.

ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან, მე ასევე მოგეხსენებათ, პოლიტიკაში ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიზიარებდი სრულად „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და დღეს მე ასევე ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული. ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ვიქნები იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.