“გახარია კობახიძეების, მდინარაძეების, მათიკაშვილების კარიერას დაასრულებს” – სოსო ცინცაძე

"გახარია კობახიძეების, მდინარაძეების, მათიკაშვილების კარიერას დაასრულებს" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრობს.

– გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ გახარია  “ქართული ოცნება 2”-ს შესაქმნელად დააბრუნეს. რას იტყვით?

– დიახ, ასეა. გახარიას განცხადება, პირველ რიგში, პოლიტიკური ეპიტაფიაა “ქართული ოცნებისთვის”. სადაც ჯერ არს, იქ მიღებულია გადაწყვეტილება “ოცნების” “გადაგდებაზე” და ახალი პროსახელისუფლო პარტიის შექმნაზე.

– ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება, რომ “ოცნებაც” ბედს უნდა შეეგუოს, ესენიც დამარცხდებიან და ა.შ. ამ პოლიტიკურ სვლაში ჯდება?

– ასე მარტივად არ დგას საკითხი, რთული თემაა, მაგრამ ასე გამოდის. გახარია უნდა გადამდგარიყო საპროტესტო მუხტით და არა ისე, როგორც წავიდა, მაგალითად, კვირიკაშვილი. მელიას დაკავება რომც არ მდგარიყო დღის წესრიგში, სხვა საკითხზე გადადგებოდა, რომელიც ასევე იქნებოდა საზოგადოებისთვის პროტესტის შემცველი.

– გათვლა არის ელექტორატზე?

– რასაკვირველია. გახარია სკანდალით უნდა წასულიყო. თან ისე, რომ დაბრუნების უზარმაზარი რესურსი, ტომარა უნდა ჰქონოდა ზურგზე მოკიდებული.

– “ოცნების” როლი და ადგილი სად იქნება?

– გახარიას დაბრუნება ყველაზე საშიში “ოცნებისთვის” არის. “ოცნებას” უკვე ვერაფერი უშველის.

– გამოდის, “ოცნების” ჩანაცვლების პროექტი იქნება სახეზე?

– რა თქმა უნდა! ივანიშვილმა რატომ დანიშნა პარტიის ლიდერად ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსი?! ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა კობახიძის დანიშვნა პარტიის თავმჯდომარედ?! ან ღარიბაშვილის დანიშვნა?! ეს იყო ძალიან ჭკვიანური სვლა, მასტერკლასი ქართულ პოლიტ-ტექნოლოგიაში. კობახიძეები, მდინარაძეები, მათიკაშვილები და ა.შ. მორჩა, მათი კარიერა დასრულებულია. მათ უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვებისთვის მათი მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა