“გამყრელიძე შესაძლოა გაუშვან, მაგრამ ჯერ ტიკარაძე უნდა გადადგეს” – სერგო ჩიხლაძე

"გამყრელიძე შესაძლოა გაუშვან, მაგრამ ჯერ ტიკარაძე უნდა გადადგეს" - სერგო ჩიხლაძე“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომაზე საუბრობს.

– განაცხადეთ, რომ შესაძლოა გამყრელიძე თანამდებობიდან გაუშვან. რამდენად რეალური ინფორმაცია გაქვთ?

– ეს არის კულუარული ინფორმაციაა, რომელიც ახალი არ არის და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს ინფორმაცია ტრიალებს, რომ დაძაბული ურთიერთობა არსებობს ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს შორის. ეს რამდენად მივა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, ეს მე არ ვიცი. ეს იქნება იმისდა მიხედვით, როგორც ეს მთავრობაში გადაწყდება.

ტიკარაძეს შეუძლია გამყრელიძის მოხსნა, მაგრამ აქ სხვადასხვა გავლენებია და სხვადასხვა ფინანსური წრეები და კულუარული მოთამაშეებია. ამიტომ რაღაცის პროგნოზირება ძნელია.

ვინც არ უნდა მოვიდეს, ან წავიდეს, ფაქტია, ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა. მენეჯმენტის სერიოზული ჩავარდნები გვაქვს, ჯანდაცვის სისტემის და კრიზისების მართვის ჩავარდნები გვაქვს.

გამყრელიძის გადაყენებამდე ჯერ ქალბატონმა ტიკარაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა, მერე უკვე სხვა პასუხისმგებელმა პირებმა. უპირველესი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს ეკისრებათ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა