“კალაძე “ოცნებიდან” წასვლის დროს არჩევს” – ლევან ალაფიშვილი

"კალაძე "ოცნებიდან" წასვლის დროს არჩევს" - ლევან ალაფიშვილიანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლიდან კახა კალაძეს პრემიერობის პრეტენზია აქვს:

– ვინაიდან პრემიერი არ გახდა, კალაძე ცდილობს სახელისუფლებო პარტიისგან დისტანცირებას და ამით საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებას. მან იცის, რომ “ქართული ოცნება” უკვე ტვირთია, რომლის ჩამოცილებასაც ის შეეცდება.

– რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მერის პოსტზე კვლავ იყაროს კენჭი? 

– კალაძე თუ ადგილობრივ არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობას, მან იცის, რომ “ქართული ოცნების” სახელით გასვლა ტვირთი იქნება.  ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ კალაძე არ გავა “ქართული ოცნებიდან”. ერთადერთი ფაქტორი, რომელზეც ეს იქნება დამოკიდებული, არის ის, თუ რამდენად მისცემენ მას ამის შესაძლებლობას სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც პარტიასთან არიან შეზრდილი.

– თუ კალაძე დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგამს, მას წინ კომპრომატებს აუფრიალებენ? 

– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ. “ქართული ოცნების” ინტერესში დღეს ყველაზე მეტად სწორედ კალაძის შენარჩუნებაა, მისი რეიტინგიდან გამომდინარე. ამიტომ მას წასვლის საშუალებას არ მისცემენ. ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვს კალაძეს, დასწრებაზე უნდა ითამაშოს და სწორი დრო შეარჩიოს.

გახარიამ სწორი დრო შეარჩია. ვნახოთ, რას იზამს კალაძე. თუ ასეთი დრო ვერ შეარჩია, არ გამოვრიცხავ, საერთოდ პოლიტიკიდან და ქვეყნიდანაც კი წავიდეს, თუმცა, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ის თავის დროს ელოდება, რათა “ქართული ოცნება” ერთპარტიულ პარლამენტში დატოვოს და ამ შენობის მიღმა ამ პარტიას რეიტინგიც კი აღარ დაუტოვოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა