ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ მელიას ნაღმზე აფეთქდა“

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნება“ მელიას ნაღმზე აფეთქდა“პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილი წავიდა იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ ოპოზიცია ვერაფერს დააკლებდა თუნდაც იმ სუსტ გუნდს, რომელიც მან დატოვა ხელისუფლებაში:

– ხელისუფლებაში უმეტესობა იმდენად ცხელთავიანი დარჩა, რომ თავიანთივე დადებულ ნაღმებზე აფეთქების საშიშროება ძალიან მაღალია და მელიას ეპიზოდში პირველივე ნაღმზე აფეთქდნენ.

ივანიშვილის წასვლისა თუ გვერდზე გადგომის შემდეგ ეს იქნება პირველი სერიოზული ტესტი ოპოზიციისთვის. ასეთი სერიოზული ფორა ოპოზიციას ამ 8 წლის განმავლობაში ბევრჯერ არ ჰქონია.

დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ოცნებას“ დემოკრატიულობის ნიღაბი მაინც შეენარჩუნებინა. ახლა კი ეს ნიღაბი ჩამოიხსნეს.

– დემოკრატიის ნიღბის ჩამოხსნამ გამოიწვია დასავლეთის ასეთი მწვავე რეაქცია?

– დასავლეთისთვის შეურაცხმყოფელია იმ ფაქტის წინაშე დადგომა, რომელიც მოხდა. მის თვალწინ და მისი ძალისხმევით შენდებოდა დემოკრატია და უცბად მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე შტურმის სახით მან „ქართული ოცნებისგან“ ალიყური მიიღო. თუმცა კარგი, რაც გამოჩნდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთის უპრეცედენტო რეაქციით, არის ის, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ სერიოზული ინტერესები აქვს შერჩენილი და რომ საქართველო დასავლური სამყაროსთვის ჯერ კიდევ რეალურ ღირებულებას წარმოადგენს.

თავად ოპოზიციას კი სრული განახლება სჭირდება, ახალი სახეები და ახალი იდეები. მას სჭირდება პოლიტიკური დღის წესრიგის გაფართოება.

ასევე მნიშვნელოვანია ის, როგორ საქართველოს სთავაზობს ოპოზიცია საზოგადოებას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ოპოზიცია არ აღიქმებოდეს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის საფრთხის შემცველად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა