“ოცნება” ახალ არჩევნებში 2020-ში აღებული ხმების ნახევარსაც ვეღარ მიიღებს” – გიგა ბუკია

"ოცნება" ახალ არჩევნებში 2020-ში აღებული ხმების ნახევარსაც ვეღარ მიიღებს" - გიგა ბუკიაკონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საუბრობს.

– გამოითქმის ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას შეუამხანაგდება კახა კალაძე და ისინი ერთად შექმნიან ახალ პოლიტიკურ ცენტრს.

– კალაძე ჯერ “ქართულ ოცნებაშია”. მას არ შევეხები. ჩამოაყალიბებს თუ არა ახალ ძალას გიორგი გახარია? ჩვენთან მსხვილი ძალა ყალიბდება ხელისუფლებისაგან. ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა მოქკავშირისაგან. დღეს ნაციონალური მოძრაობა არის ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია. არსებობს ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნება”. გარდა ამისა, არიან “ოცნებიდან “გამოსული პირები, ჯგუფები. მათ შეუძლიათ დააარსონ მესამე პოლიტიკური ცენტრი. პიროვნებებს მნიშვნელობა არა აქვს. შეიძლება ეს იყოს გიორგი გახარია.

თუ ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა, მაშინ გვეყოლება სამი ძირითადი პოლიტიკური ძალა. კოალიციური მმართველობა გვექნება ნებისმიერ შემთხვევაში. ერთი სუბიექტი უმრავლესობას ვერ აიღებს: ვერც “ქართული ოცნება”, ვერც ახალი ცენტრი, რომელშიც, ალბათ, ბევრი ადამიანი გაერთიანდება და, რასაკვირველია, ვერც ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისათვის.

– ვარაუდობთ, რომ “ოცნება” და ახალი ცენტრი შექმნიან კოალიციას?

– რატომაც არა. ივანიშვილი რომ არა, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებზეც ვერ მოიპოვებდა უმრავლესობას. ბევრმა ხმა მისცა პირადად ივანიშვილს, ბევრი მაჟორიტარად კენჭს იყრიდა ივანიშვილის ხათრით. ახლა ივანიშვილი წასულია და “ოცნება” იმ ხმების ნახევარსაც ვერ მიიღებს, რაც ბოლო არჩევნებზე დააგროვა. კოალიცია გარდაუვალია, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა